Foto

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს  მეზობელი ქვეყნები ეხმიანებიან

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები ულოცავენ.

„როგორც მეზობელი ქვეყანა, საქართველო ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით" - აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის მისალოც წერილში, რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილის გამოუგზავნა.  წერილში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ თურქეთისთვის საქართველო არა მხოლოდ მეგობარი ქვეყანაა, არამედ სტრატეგიული პარტნიორია. „ღრმად მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მტკიცე თანამშრომლობა ყველა სფეროში განმტკიცდება" - ნათქვამია წერილში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის მისალოც წერილში საქართველოს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მეგობარსა და მეზობელს  მოიხსენიებს და წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. „დაე, კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენი ხალხების ძმური კავშირები და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც სომხეთს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიას კეთილდღეობას მოუტანს" - აღნიშნულია ილია დარჩიაშვილის სახელზე გამოგზავნილ მისალოც წერილში. 

 

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა.  საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.